ორშაბათი, 29.04.2024, 17:06

Приветствую Вас სტუმარი

მენიუ

 
ვებ-გვერდი "თიანელი" თიანეთისა და თიანელთათვის

ერწო-თიანეთი

ერწო-თიანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდ. ივრის ზემოთის ზეგანს (თიანეთის რაიონი). ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ორ ცალკეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს - ერწოსა და თიანეთს. მათ ერთობლივი ისტორიული განვითარებისა და მჭიდრო კავშირის გამო ისინი უძველეს წყაროებშივე ერთად მოიხსენიებიან.

ერწო-თიანეთი ადმინისტრაციულად კახეთის საერისთავოში შედიოდა. ქართული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელი ნინო აქ ქრისტიანობას ქადაგებდა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ერწო-თიანეთს დიდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო მაგისტრალისა, რომელიც ქართლის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს ალბანეთთან (კავკასიისა) და სომხეთთან აკავშირებდა. გარკვეულ პერიოდში თიანეთი იყო პლაცდარში, საიდანაც ქართლის სამეფო პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას ახდენდა კავკასიის მთიანეთზე. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლაში "აფხაზთა მეფეები", პირველ რიგში, თიანეთის დაპყრობით ცდილობდნენ კახეთი თავიანთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექციათ. XIII საუკუნეში ერწო-თიანეთი არაერთხელ დალაშქრეს მონღოლებმა. XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, ერწო-თიანეთი კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავო გახდა. იგი ხშირად საცილობელი ტერიტორიაა კახეთის სამეფოსა და არაგვის საერისთავოს შორის. ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები ძირითადად ერწო-თიანეთთან იყო დაკავშირებული, ამიტომაცაა იგი ძირითადად მთიელი ქართველებით დასახლებული. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ერწო-თიანეთი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის რაიონში.
 
 
თიანეთის რაიონი — ადმინისტრაციული რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — თიანეთის მაზრაში, 1924-დან — დუშეთის მაზრაში, 1929-დან ტფილისის მაზრაში, 1930 წლიდან ტფილისის ოლქის ერწო-თიანეთის რაიონში, 1932-დან ცალკე

მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და გაშლილია მდ. ივრის ზემო დინებაში სათავიდან სოფ. ბოჭორმამდე. იგი მოქცეულია ქართლისა და კახეთის ქედებს შორის. ტერიტორია — 906 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 350 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე გამავალი მთავარი მდინარეა იორი. მის ბაზაზე აგებულია სიონის წყალსაცავი, რომელიც ასაზრდოებს ზემო სამგორის სარწყავ სისტემას და თბილისის ზღვას.

რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
დაბის საკრებულო — 2: თიანეთი, სიონი;
თემის საკრებულო — 10: არტნის, ახალსოფლის, ზარიძეების, ნაქალაქარის, ჟებოტას, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩეკურაანთგორის, ხევსურთსოფლის.

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთი და სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია

რაიონში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 18 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი: თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მ.გელოვანის სახლ-მუზეუმი

ისტორიული ძეგლები: ცხრაკარის კომპლექსი (ციხე-დარბაზი და სასახლე), ოჩანის ციხე, უძველესი ქალაქის ჟალეთის ნანგრევები, კვეტარის ციხე სიმაგრე, ბოჭორსმის ციხე სიმაგრე, არჩილის მონასტერი.